განათლებული თაობა = უკეთეს მომავალს!
* * *
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლემ ანასტასია ხუციშვილმა, საერთაშორისო გამოცდაზე TOEFL Junior Standard, ორგანიზებული „Superior“(დონე 5) შეფასებას. ანასტასიამ არა მხოლოდ გამოავლინა ინგლისური ენის შესანიშნავი ცოდნა, არამედ წარმატებით დაძლია ევროპული ენის დამოუკიდებელი მომხმარებლის B2 დონე, რაც მისი განსაკუთრებული აკადემიური ნიჭისა და თავდადების ნათელი დადასტურებაა. ამ გამორჩეული მიღწევისთვის ანასტასიას გადაეცა საპატიო სერტიფიკატი.
ანასტასია ხუციშვილი მერვე კლასის მოსწავლეა. ის თავიდანვე დაინტერესებული იყო ინგლისურის და ზოგადად, უცხო ენების შესწავლით. უყვარს კითხვა არა მარტო მშობლიურ, არამედ უცხოურ ენებზეც. უყურებს ფილმებს, ერთობა მეგობრებთან ერთად და პარალელურად, ცდილობს, თავისუფალი დრო პროდუქტიულად გამოიყენოს.
ანასტასია ხუციშვილი: „გამოცდა, რომელიც ჩავაბარე, TOEFL Junior Standard, საერთაშორისო გამოცდაა. ის ამოწმებს მოსწავლის უნარებს ინგლისურ ენაში. ეს იქნება კითხვა, გრამატიკა თუ მოსმენა. ავიღე ბ2 დონის სერტიფიკატი, რადგან ყველაზე მაღალი, რასაც TOEFL Junior Standard მოიცავდა, იყო ეს დონე. უფრო მაღალ დონეს ფიზიკურად ვერ დავდებდით, რადგან ჩემი ასაკისთვის ეს იყო მაქსიმალური“.
ანასტასია English Book Education-ის წიგნის კლუბის წევრია, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. ზუსტად ამ კლუბიდან გაიგო მან TOEFL Junior Standard-ის შესახებ და გადაწყვიტა, საკუთარი ცოდნა გამოეცადა. ფიქრობს, რომ ამით კარგი გამოწვევა გაუკეთა საკუთარ თავს.
„ვერ ვიტყვი, რომ გამოცდისთვის მოსამზადებელი პროცესი მარტივი იყო. მარტივი არაფერი არ არის, ყველაფერში დიდი შრომა უნდა ჩადო, რომ წარმატებას მიაღწიო. დამოუკიდებლად ვემზადებოდი, სავარჯიშოებს ვნახულობდი და ყოველჯერზე ვცდილობდი, უფრო მაქსიმალური მეკეთებინა. მართალია, ძირითადად ინდივიდუალურად ვაკეთებდი ამ ყველაფერს, მაგრამ სკოლის ცოდნა და წიგნის კლუბიც, რომელშიც ჩართული ვარ, ძალიან დამეხმარა. უნდა გამოვყო ინგლისურის მასწავლებელი სოფიო კობაიძე, რომელიც თავიდანვე მეხმარებოდა და გვერდში მედგა“ – აღნიშნა ანასტასიამ.
როგორც ანასტასია ამბობს, ეს სერტიფიკატი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მას აქვს ორწლიანი ვადა. სერტიფიკატის საერთაშორისო მნიშვნელობის გამო, ის დაეხმარება ანასტასიას გაცვლით პროგრამებსა თუ სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობისას. მიღებული სერტიფიკატი, აძლევს მოტივაციას, რომ არ შეჩერდეს, აიმაღლოს დონე და დაადასტუროს, რომ ენის შესწავლისას, მუდმივად წინ უნდა მიისწრაფვოდე და ყოველჯერზე მაღალი დონე უნდა დააფიქსირო.
„ჩემს თანატოლებს ვურჩევდი, სკოლაში მასწავლებლებს მოუსმინონ, იკითხონ ბევრი ლიტერატურა, მეტისკენ ისწრაფვოდნენ და არ გაიყინონ ერთ დონეზე, სწორად გამოიყენონ თავისუფალი დრო, იყვნენ შრომისმოყვარეები და მიზანდასახულები“ – ურჩევს ანასტასტია თავის თანატოლებს.
ანასტასტიასთვის ეს გამოცდა არაა პირველი, რომელშიც მონაწილეობდა. „ლინგო სთარის“ ოლიმპიადაში, ანასტასიამ მეორედ მიიღო მონაწილეობა, ფინალში გადავიდა და მთლიანი საქართველოს მასშტაბით საუკეთესო 65 მოსწავლეს შორის მოხვდა. ასევე გადაეცა სერტიფიკატი. ეს ოლიმპიადა დიდი ბრიტანეთის მიერაა დაფინანსებული, რომლის მოგების შემთხვევაშიც, გამარჯვებულს ეძლევა ორი კვირით, სრული დაფინანსებით უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში სწავლის საშუალება. ანასტასია აპირებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, ასევე სურს FLEX ((Future Leaders Exchange Program) პროგრამაში ჩართვა, რომელში გამარჯვების შემთხვევაშიც, მას აშშ-ში ერთი წელი უფასოდ სწავლის შესაძლებლობა მიეცემა. „FLEX პროგრამაში გამარჯვება ძალიან ძნელია. ბევრი ბავშვი იღებს მონაწილეობას. მოხვედრის პროცენტი მხოლოდ 2.3-ია იმდენად დიდი კონკურენციაა, მაგრამ გამარჯვებას ყველანაირად ვეცდები, შრომას არ დავაკლებ. დიდი მადლობა გაზეთ „შირაქს“ დაინტერესებისთვისა და ინტერვიუსთვის. ასევე მინდა, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მადლობა გადავუხადო არხილოსკალოს საჯარო სკოლასა და ჩემს სოფიო მასწავლებელს გაწეული შრომისთვის“.
მაია სიმონიძე, არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექტორი: „ჩვენ უზომოდ ვამაყობთ ანასტასიას წარმატებით. ის საუკეთესო მოსწავლეა, მოწესრიგებული, სანიმუშო. ჯერ მხოლოდ მერვე კლასელია და უკვე დიდ წარმატებებს აღწევს. ანასტასია არა მხოლოდ ინგლისურ ენაში, არამედ სკოლის ყველა საგანში ძლიერი და წარმატებულია. ამ სერტიფიკატამდე, მას აღებული აქვს მედალი კინგსის ინგლისურის ოლიმპიადაშიც. აღსანიშნავია, ასევე მშობლების მხარდაჭერა და გვერდში დგომა ანასტასიას ნებისმიერ წამოწყებაში. გულწრფელად მიხარია, პირადად, როგორც მის პედაგოგს. მთლიანად, სასკოლო საზოგადოებაც ამაყობს ანასტასიას მიღწეული წარმატებით“.
სოფიო კობაიძე, ანასტასიას ინგლისურის ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: „ანასტასია ძალიან მიზანდასახული ბავშვია, ძალიან ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე, შრომისმოყვარეა და შესაბამისად, აღწევს ასეთ წარმატებებს. უამრავ პროექტსა თუ კონკურსშია გამარჯვებული. ეს წარმატებაც ამ გამარჯვებების ნაწილია. ვისურვებდი, ბევრი ასეთი მოსწავლე გყვავდეს. ჩვენ სულ თავიდან, მეხუთე კლასიდან, „კინგსის“ ტესტებით დავიწყეთ მომზადება. ანასტასია აღმოჩნდა მოსწავლე, რომელიც მიჰყვა ამ საქმეს ბოლომდე. ეს ტესტები იმისთვის გვჭირდებოდა, რომ გაგვეგო, რა სიძნელეები გვქონდა, რაზე უნდა გაგვემახვილებინა ყურადღება. სკოლაში განვიხილავდით ამ ტესტებს, ვამატებდით ნელ-ნელა სხვადასხვა რესურსს, და დამატებითი მუშაობით მივიღეთ ეს შედეგი. შემდეგ ჩავრთე English Book Education-ორგანიზაციაში, სადაც თვეში 4 გაკვეთილს უტარებდნენ და ინგლისურ ლიტერატურასაც ასწავლიდნენ. ანასტასიამ დამოუკიდებლად გააგრძელა მეცადინეობა, ძალიან დიდი შრომისმოყვარეობა გამოიჩინა და მიაღწია ამ შედეგს. ახლა ემზადება „ფლექსის“ პროგრამისთვის, ერთად ვიძიებთ რესურსებს, რომელიც დაეხმარება მომზადებაში. დიდი გეგმები აქვს. მე ყოველთვის მის გვერდით ვიქნები და ყველანაირად ხელს შევუწყობ“.
გაზეთი „შირაქი“ ულოცავს ანასტასიას მიღწეულ გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს მას შემდგომ საქმიანობაში. გვჯერა, განათლებული თაობა ქმნის ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს.
ესაუბრა
ჟუჟუნა ყანჩაშვილი