საქართველოს მთავრობამ განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის, 2022 − 2030 წლების, სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოსწავლეების მნიშვნელოვანი ნაწილი ზოგადი განათლების საფეხურს მინიმალური საბაზო კომპეტენციებით ასრულებს, რაც მათ ხელს უშლით 21-ე საუკუნის პროფესიებისა და ადგილობრივი თუ გლობალური შრომის ბაზრისთვის მომზადებაში. დოკუმენტში ასევე წერია, რომ 15-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის ყოველი მეოთხე არ სწავლობს, არ არის დასაქმებული და არც გადამზადებას გადის. პროფესიული განათლების სექტორის მცირე ზომა და მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი, კი კვლავ გამოწვევად რჩება.
განახლებულ სტრატეგიაში ნათქვამია, რომ არსებული გამოწვევები მოსწავლეებისა და სტუდენტების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას და დასაქმების სექტორებს შორის კავშირის გაძლიერებას აფერხებს.
ასევე გამოწვევადაა დასახელებული, კომპეტენტური ადამიანური რესურსის ნაკლებობა და მათი მისაწვდომობა. მაგალითისთვის მოყვანილია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პერსონალი, რომელთა დიდ ნაწილს შესაფერისი კვალიფიკაცია არ აქვს. უნარების ნაკლებობაზეა ყურადღება გამახვილებული პროფესიული განათლების მასწავლებლების შემთხვევაშიც.
რაც შეეხება აღნიშნული გამოწვევებიდან გამოსავლის გზებს: სტრატეგიაში წერია, რომ 2030 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მაღალი ხარისხის სისტემა ინდივიდებს შესაძლებლობას მისცემს, თავიანთი კომპეტენციებისა და შესაძლებლობების განსავითარებლად საუკეთესო არჩევანი გააკეთონ. მაგალითად ერთ-ერთ ნაწილში ნათქვამია, რომ სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საგანმანათლებლო სისტემის ყველა დონეზე წარმატებული მასწავლებლების, ტრენერებისა და განათლების სპეციალისტების პროფესიაში მოზიდვის და მათი უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის მექანიზმები შეიქმნება.
ამასთან, სადოქტორო პროგრამები დაუახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს და სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებებისა და შესაძლებლობების ასახვას უზრუნველყოფს. განათლების სხვადასხვა საფეხურზე მასწავლებლებისთვის მაღალხარისხიანი და მრავალფეროვანი სწავლა/სწავლების რესურსები ხელმისაწვდომი გახდება.
მიუხედავად ამ გრძელი ჩამონათვალისა, განათლების მკვლევართა ნაწილის მოსაზრებით, სტრატეგია ბუნდოვანია და პრობლემების გამოსწორების გზებზე სრულფასოვან ხედვას არ გვთავაზობს.