ახმეტის გამგეობამ 8 090 კვ.მ ფართობის ორი არასასოფლო მიწის ნაკვეთი 2015 წელს აუქციონით მიჰყიდა არჩილ კოჭლიაშვილს – 2 წლის ვადაში ინვესტიციის განხორციელების პირობით. სინამდვილეში „ინვესტორთან“ დადებული ხელშეკრულება არავითარ საინვესტიციო ვალდებულებებს არ ითვალისწინებს, თუმცა ახმეტის გამგებელმა ინვესტირების ვადა მაინც გააგრძელა 4 წლით, რის შემდეგაც მიწის ნაკვეთები გამგებლის უახლოესი მეგობრის – მამუკა ხოლეგაშვილის ძმაზე გადაფორმდა.
2015 წლის 6 თებერვალს, ახმეტის გამგეობამ ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა ქალაქ ახმეტაში, სანაპიროს ქუჩაზე (გაზგასამართი სადგურის მომიჯნავედ), გვერდიგვერდ მდებარე 2 ერთეული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით. ნაკვეთების საერთო ფართობი 8090 კვ.მ-ს შეადგენდა (4589 + 3501), ხოლო საწყისი საპრივატიზებო საფასური – 40 450 ლარს.
ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.eauction.ge განთავსებულ ინფორმაციაში (იხ. – ბმული1; ბმული2) მითითებულია, რომ „მიწის ნაკვეთებზე სავალდებულოა 2 წლის განმავლობაში განხორციელდეს ინვესტიცია“.
პირველი აუქციონში მონაწილეობა არცერთმა მსურველმა არ მიიღო, რის გამოც იგი არშემდგარად გამოცხადდა. ამის შემდეგ, ახმეტის გამგებლის ბრძანებით, მიწის ნაკვეთების საფასური 49 %-ით, ანუ 20 630 ლარამდე შემცირდა, ხოლო 2015 წლის 27 აპრილს განმეორებითი აუქციონი გამოცხადდა.
ამჯერად აუქციონში მონაწილეობა ერთადერთმა ფიზიკურმა პირმა – ქალაქ ახმეტაში მცხოვრებმა, 24 წლის არჩილ კოჭლიაშვილმა მიიღო და გამარჯვებულადაც გამოცხადდა, რის შემდეგაც მასთან ხელშეკრულება გაფორმდა და საჯარო რეესტრშიც დარეგისტრირდა. არჩილ კოჭლიაშვილის დედა – მაია სეთური ბექა ბაიდაურის ნათესავი და თანასოფლელია.
აუქციონში გამარჯვებულთან 2015 წლის 13 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებებში ჩაიწერა, რომ მყიდველი ვალდებულია 2 წლის განმავლობაში განახორციელოს ინვესტიცია. სინამდვილეში, არანაირ ინვესტიციაზე შეთანხმება არ მომხდარა, რადგან ხელშეკრულებებში საინვესტიციო პირობებისთვის განკუთვნილი ყველა გრაფა სრულიად ცარიელია.
პრივატიზებულ მიწის ნაკვეთებზე რეალურად არავითარი ინვესტიცია არ განხორციელებულა, რასაც, კანონმდებლობის შესაბამისად, ჯერ მყიდველისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, შემდეგ კი აუქციონის შედეგების გაუქმება უნდა მოჰყოლოდა.
ამგვარი შედეგის თავიდან არიდების მიზნით, 2016 წლის 6 დეკემბერს არჩილ კოჭლიაშვილმა განცხადებით მიმართა გამგეობას და ინვესტიციის ვადის გაგრძელება მოითხოვა, მიზეზად კი „ფინანსური მდგომარეობის შეცვლა“ დაასახელა. მხოლოდ ამ განცხადებაზე დაყრდნობით, ყოველგვარი დამატებითი გამოკვლევის გარეშე, 2016 წლის 9 დეკემბერს ახმეტის გამგებელმა გამოსცა ბრძანება №2444-ს, რითაც ფაქტობრივად „ნულოვანი“ ინვესტიციის ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გააგრძელა.
საინტერესოა, როგორ გამოიყენა ხელახლა გაგრძელებული ვადა გამგეობისგან უკანონოდ წახალისებულმა „ინვესტორმა“ – 2017 წლის 8 მაისს მან ორივე მიწის ნაკვეთი გაასხვისა. მიწის ნაკვეთების მყიდველი კი ბექა ბაიდაურის უახლოესი მეგობრის, „ქართული ოცნების“ ახმეტის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელისა და ახმეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხოლეგაშვილის ძმა – გრიშა ხოლეგაშვილი აღმოჩნდა.
უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც არჩილ კოჭლიაშვილის, ისე გრიშა ხოლეგაშვილის ინვესტორული და ფინანსური პოტენციალი საფუძვლიან ეჭვს იწვევს, ვინაიდან არცერთი მათგანი არც სამეწარმეო საქმიანობაში ყოფილა ოდესმე ჩაბმული და არც რაიმე უძრავი ქონება გააჩნდათ საკუთრებაში.
საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოარკვია, რომ ხსენებული საინვესტიციო გარიგება თვალთმაქცური იყო, ვინაიდან ორივე მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მყიდველი სინამდვილეში მამუკა ხოლეგაშვილია. საინტერესოა აღინიშნოს, რომ, მამუკა ხოლეგაშვილის ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ 2015 წლის განმავლობაში, მის მფლობელობაში არსებული ნაღდი ფულის ოდენობა 41 000 ლარიდან შემცირდა 14 777 ლარამდე.
გარდა ამისა, იმავე ქონებრივ დეკლარაციებში მამუკა ხოლეგაშვილი აღნიშნავს, რომ 2014-2016 წლებში ხელფასის სახით საერთო ჯამში 129 300 ლარი მიიღო, აქედან – საჯარო სამსახურში – 44 800 ლარი, ხოლო პარტიული საქმიანობიდან – 84 500 ლარი.
2017 წლის მარტში მამუკა ხოლეგაშვილს საკრებულოს წევრის უფლებამოსილება საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუწყდა. მალევე იგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა გენინსპექციაში რეორგანიზაციის და შტატების შემცირების დროს მოხდა. მამუკა ხოლეგაშვილი თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან დაახლოებული პირია. იგი მისი ყოფილი სტუდენტი და „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ყოფილი თანაპარტიელია.
ავტორი : მაკა მოსიაშვილი