ბავშვის ნებისმიერ უცნაურ, ჩვენთვის გაუგებარ საქციელს ქცევის დარღვევას ნამდვილად ვერ დავარქმევთ.
უმართავი ქცევა მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. მაგალითად, ჯანმრთელი ბავშვები ხშირად ასე რეაგირებენ სტრესზე, მათთვის ემოციურად მატრავმირებელ სიტუაციაზე. ასე რომ, კონკრეტული ქცევის აღწერასა და ინტერპრეტაციას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.
ბავშვის ქცევის დახასიათებისას, როგორც წესი, ჩვენ მას კი არ აღვწერთ, არამედ ვაფასებთ, ამ ორ ცნებას კი ერთმანეთთან არაფერი აქვს საერთო. მაგალითად, სამსახურიდან დაბრუნებულ დედას ბებია შესჩივის: „მთელი დღე ცუდად იქცეოდა!“ მაგრამ რას ნიშნავს „ცუდი ქცევა“? შეგიძლიათ, აღწეროთ ამ ბავშვის კონკრეტული საქციელი? თქვათ, სახელდობრ, რას სჩადიოდა იგი და რა იყო ასეთი ქცევის მიზეზი, მისი გამომწვევი ფაქტორი? არადა, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი.
ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ პრობლემური ქცევა, რომელიც ხშირად სიტუაციური ხასიათისაა, გარემოს მიმართ არაადეკვატური დამოკიდებულების შედეგია, და საკუთრივ ქცევის დარღვევა. ტერმინით „ქცევის დარღვევა“ აღნიშნავენ ქცევის სხვადასხვა ტიპის აშლილობას, დაწყებული დაუმორჩილებელი და დამთავრებული ანტისოციალური ქცევით. შემუშავებულია რამდენიმე კლასიფიკაციაც, სადაც აშლილობის ფორმები სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით არის გაერთიანებული, თუმცა ქცევის დარღვევები პირობითად შეიძლება შედარებით მსუბუქ და მძიმე ფორმებადაც დავყოთ.
პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია დაუმორჩილებელი, ე. წ. ოპოზიციურ-დევიანტური ქცევა, რომელიც დარღვევის შედარებით მსუბუქი, თუმცა საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. მისი ერთ-ერთი გამოვლინებაა ისტერიკა – ბრაზის უეცარი შემოტევა, რომლის რეგულირებაც მშობლებს არ ძალუძთ. მარტივად რომ ვთქვათ, ბავშვის დამორჩილება შეუძლებელი ხდება.
დაუმორჩილებელი ქცევის დროს პრობლემის სათავე, როგორც წესი, გარემოში უნდა ვეძებოთ. ფსიქოლოგთან მისულ შეწუხებულ მშობლებს, პირველ ყოვლისა, ეკითხებიან, სად, როგორ გარემოში იჩენს თავს ისტერიკა თუ სხვა სახის დაუმორჩილებლობა. ზოგჯერ გარეგნულად ოპოზიციურ-დევიანტურს ჰგავს ისეთი ქცევებიც, რომლებიც დადებითად მტკიცდება გარემოსგან და ბავშვის შეგუების ხერხად იქცევა. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა მასწავლებელი მოწაფის მიუღებელ ქცევას ამგვარად აღწერს: „მეტისმეტად უზრდელია, წამოხტება შუა გაკვეთილზე და დარბის. ვერაფრით ვიმორჩილებ, ამიტომ საკლასო ოთახიდან ვისტუმრებ“. ბუნებრივია, საინტერესოა, რატომ იწყებს ბავშვი ასე მოქცევას მაინცდამაინც შუა გაკვეთილზე. ალბათ, ამ დროისთვის იღლება, ანდა პედაგოგი დავალების გამოკითხვას იწყებს, მოსწავლე კი თავისი საქციელით აიძულებს, კლასიდან გაუშვას, რათა ამით პასუხისმგებლობას (გაკვეთილის მოყოლას) გადაურჩეს. საბოლოოდ, ბავშვი შედეგით კმაყოფილია. ასე ხდება დაუმორჩილებელი ქცევის განმტკიცება, რომლის რეგულირებაც, დამეთანხმებით, სწორი მიდგომის შემთხვევაში არც ისე რთულია, რადგანაც ეს იმდენად ქცევის დარღვევა არ გახლავთ, რამდენადაც მოსწავლის მანიპულაცია მასწავლებლით.
ბავშვმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რა რეაქცია მოჰყვება მის საქციელს უფროსების მხრივ. თუ კარგად მოიქცევა, უნდა წახალისდეს, თუ ცუდად – დაისაჯოს. ხშირად მშობლებს ეს ორი რამ ერთმანეთში ერევათ: ერთ დღეს შვილს რამისთვის რომ დასჯიან, მეორე დღეს იმავე საქციელისთვის შეიძლება შეაქონ. ბავშვი იბნევა, აღარ იცის, როგორ მოიქცეს, არასასურველი ქცევა კი დადებითად მტკიცდება.
უფროსის რეაგირება მისთვის მისაღებ და მიუღებელ ქცევებზე მნიშვნელოვნად სხვადასხვაგვარი უნდა იყოს. ხშირად უფროსები მხოლოდ მაშინ რეაგირებენ, როდესაც ბავშვის საქციელი არ მოსწონთ, „კარგ“ ქცევას კი ვერ ამჩნევენ. არადა, მისაღები ქცევის წახალისება გაცილებით შედეგიანია, ვიდრე მიუღებლის დასჯა.
ოპოზიციურ-დევიანტური ქცევის დარღვევის დროს ბავშვი ხშირად არ ემორჩილება უფროსებს, ეპასუხება მათ, გამიზნულად აბეზრებს თავს, სხვებს აბრალებს თავის შეცდომებს, ეჭვიანი და მეტისმეტად ეგოისტია, ხშირად ღიზიანდება, ბრაზობს, ჩხუბობს, ურტყამს სხვებს.
დარღვევის შედარებით მძიმე ფორმის (ე. წ. დელინქვენტური ქცევის) დროს ქცევა მნიშვნელოვნად არის გადახრილი საზოგადოებრივი ნორმებიდან. ამ დროს ბავშვი ხშირად შეურაცხყოფს, აშინებს, ემუქრება სხვებს, იყენებს იარაღს, სასტიკად ექცევა ადამიანებსა და ცხოველებს, ქურდობს, ცეცხლს უკიდებს ნივთებს, სკოლას აცდენს, გარბის სახლიდან, იყენებს ალკოჰოლსა და წამლებს, ავლენს ვანდალიზმს. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ უკანასკნელის ერთ-ერთი უხშირესი გამოვლინება შენობების კედლებსა და ავეჯზე წერაა.
ჯიუტი ბავშვის მშობლობა ძალიან რთულია. ხშირად უფროსები ვერ იგებენ, რატომ იქცევა ბავშვი ყოველთვის მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, ისინი იწყებენ ფიქრს, რომ ცუდი მშობლები არიან. მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ დაუმორჩილებელი შვილის ყოლა მშობლისთვის ბედნიერებაა. კვლევებით დგინდება, რომ ჯიუტი ბავშვები ზრდასრულ ასაკში წარმატებას მარტივად აღწევენ.
მშობლები ფიქრობენ, რომ სკოლაში მისვლის შემდეგ ბავშვი მაღალ ნიშნებზე უნდა სწავლობდეს, დამჯერი მოსწავლე იყოს და იდეალურად იქცეოდეს, რათა უზრუნველყოფილი მომავალი ჰქონდეს. მეცნიერები 8-12 წლის ასაკის ბავშვებს აკვირდებოდნენ. ისინი მოზარდების მატერიალურ სტატუსს, ოჯახურ მდგომარეობას, სასკოლო და დღიურ აქტივობებს, განცდებს, ფიქრებსა და ჩვევებს სწავლობდნენ.
კვლევის ჩატარება 1968 წელს დაიწყეს. ორმოცწლიანი დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვები, რომლებიც უფროსების მითითებებს არასდროს ემორჩილებოდნენ, ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდნენ და წარმოუდგენლად დიდ მიზნებს ისახავდნენ. ზრდასრულ ასაკში მათ ბიზნესში კრეატიული იდეების მოფიქრება არ უძნელდებოდათ. დაუმორჩილებელი, მეამბოხე და ჯიუტი ბავშვები, მორჩილ და მოწესრიგებულ თანატოლებთან შედარებით, ზრდასრულ ასაკში სამსახურში ბევრად მაღალ პოზიციებს იკავებდნენ და მეტ თანხასაც გამოიმუშავებდნენ.
ბავშვების ხასიათისა და ქცევის თავისებურებები მათ წარმატებას და წარუმატებლობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. კარგი კარიერის გაკეთებაში ადამიანებს მიღებული ცოდნა და პასუხისმგებლობის გრძნობაც ძალიან ეხმარებათ.
ჯიუტი ბავშვების წარმატების საიდუმლო მათ ეგოიზმშია. ისინი საკუთარ თავს ყოველთვის ყველაზე წინ აყენებენ და ზრდასრულ ასაკში უდიდეს წარმატებას აღწევენ. ისინი არასდროს ემორჩილებიან წესებს და დადგენილ საზღვრებს ყოველთვის უარყოფენ, რის გამოც კარიერულ კიბეზე გზას მარტივად იკვალავენ და გამუდმებით ზევით მიიწევენ.
ბავშვები, რომლებიც 40-50 წლის წინ დაუმორჩილებლებად და ჯიუტებად ითვლებოდნენ, სავარაუდოდ, სკოლაში ცუდად სწავლობდნენ და ცუდი ყოფაქცევით გამოირჩეოდნენ. გამუდმებულმა წინააღმდეგობამ ისინი უამრავ რამეზე დააფიქრა, რის გამოც სხვა ბავშვებზე უკეთ ჩამოუყალიბდათ მომავლის ხედვის უნარი. თუ თქვენი შვილი მეამბოხე და ჯიუტი ადამიანია, ამის გამო ნუ ინერვიულებთ. შესაძლოა, ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ადამიანად იქცეს.
რჩევა მშობლებს
როდესაც გსურთ, ბავშვს გაუწყრეთ, ყოველთვის საკუთარი პოზიციიდან გამოდით და აუხსენით, რომ მისი საქციელი არ მოგწონთ, მიუღებელია თქვენთვის. რეპლიკა „ცუდი ბავშვი ხარ“, „რას ჰგავს შენი საქციელი“ სრულიად მიუღებელია. არაფრით არ შეიძლება ჩხუბი და ცემა, წამორტყმა, ყურის აწევა; თუ საჭიროა, სხვაგვარად დავსაჯოთ, მაგრამ ისე, რომ მისთვის ეს ისედაც მტკივნეული იყოს (ვთქვათ, ეზოში ან კომპიუტერით თამაშის აკრძალვა). ამავე დროს, აუცილებელია მისი მიღწევების, თქვენთვის მოსაწონი საქციელის დადებითად შეფასება. წახალისებისთვის მშობლის ერთი სიტყვა და ღიმილიც კი საკმარისია. ბავშვს მოთმინებით მოეპყარით – სწორედ ეს არის დაუმორჩილებლობისა და სიჯიუტის პირველი წამალი.
მათ კი, ვინც მეტისმეტად არის დატვირთული, ვურჩევ, შინ დაბრუნებისას ცოტა დრო მაინც გამონახონ შვილებისთვის. ბავშვი, რომელიც მონატრებულია დედიკოსა და მამიკოსთან ურთიერთობას, მათი ყურადღების მისაქცევად ათასგვარ ხრიკს მიმართავს, ცუდად იქცევა. ასე რომ არ მოხდეს, ნახევარი საათი მაინც ეთამაშეთ ბავშვს ის, რაც თვითონ სურს და, რაც მთავარია, ეთამაშეთ თანატოლივით, ყოველგვარი აგრესიული შენიშვნისა და მითითების გარეშე.