„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ინფორმაციას „ახოების“ წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.
საქართველოს მეღვინეობის ისტორიას რომ გადავხედოთ, სხვადასხვა კუთხის ტრადიციები ერთმანეთს შევადაროთ, მრავალფეროვნებას და უნიკალურ თვისებებს დავუკვირდეთ და წარმოშობის ისტორიებიც ერთმანეთთან დავაკავშიროთ, ღვინის სფეროში კახეთი პირველ რიგში იმით აღმოჩნდება გამორჩეული, რომ მთელ ქვეყანაში ყველაზე მეტი რაოდენობის ღვინოს აწარმოებს და ყველაზე ფართომასშტაბიანი მევენახეობის უწყვეტი ისტორია აქვს. ამასთანავე, კახური მეთოდით ღვინის დაყენება იმდენად სრულყოფილი აღმოჩნდა, რომ ბუნებრივად ჩამოაყალიბა სრულიად განსხვავებული სახეობების ღვინოები. გეოგრაფიული აღნიშვნების სიასაც თუ გადავხედავთ, თვალშისაცემია, რომ მხოლოდ კახეთში 20 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოა. ლოგიკურად უნდა დავეთანხმოთ გამოთქმას, რაც ისტორიიდან ვიცით – საქართველოში სწორედ კახეთია ღვინის სამშობლო.
ყოველ სოფელს რომ საკუთარი მიკროზონა აქვს და თუნდაც მცირემოსავლიანი, მაგრამ განსხვავებული სახეობის ღვინის წარმოება შეუძლია, ადასტურებს და ამყარებს ზემოთ აღნიშნულ ფაქტს.
ზუსტად ასეთი მაგალითია ახოების ღვინო. ეს არის გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ კარდანახის ერთი კონკრეტული მიკროზონა, სადაც ინდივიდუალური, ცალკე დასახელების ღვინო ყენდება. ღვინის „ახოები“ გამორჩეულ ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებსა და რეპუტაციას, ამ მიკროზონის დამახასიათებელი კლიმატი, ზომიერად თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული, ყავისფერი კარბონატული ნიადაგები, ატმოსფერული ნალექების ზომიერი რაოდენობა, შერჩეული ყურძნის ჯიშების (მხოლოდ საფერავი და/ან საფერავი ბუდეშურისებრი) მიერ კონკრეტულად ამ მიკროზონაში გამოვლენილი განსაკუთრებული თვისებები და მევენახეობა-მეღვინეობის ადგილობრივი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია განაპირობებს.
ეს გახლავთ წითელი, მშრალი ღვინო. აქვს მუქი წითელი ფერი, უზადო, გემოზე სავსე, ექსტრაქტული და ხავერდოვანი გემო. აქვს მკვეთრი ჯიშური არომატი და დავარგებისას განვითარებული მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით. მისი ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 12%-ზე ნაკლები, შაქრიანობა კი არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს.
ახოების მიკროზონის საფერავი და/ან საფერავი ბუდეშურისებური აუცილებლად უნდა იყოს მწიფე. კრეფის დროს ყურძნის შაქრიანობამ უნდა მიაღწიოს არანაკლებ 21%-ს.
ყურძნის გადამუშავება შესაძლებელია ახოების მიკროზონის გარეთ, მხოლოდ აუცილებლად კახეთის ზონის ფარგლებში. რაც შეეხება ღვინის ჩამოსხმას ბოთლებში, ეს დასაშვებია განხორციელდეს სხვა რეგიონებშიც, თუმცა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
გეოგრაფიული აღნიშვნა „ახოები“ „საქპატენტში“ 2020 წლის 29 მაისს არის რეგისტრირებული.