არსებობს სტერეოტიპი, რომ მილენიალები (1981-1996 წლებში დაბადებულები) ზედმეტად დაკავებულები არიან ძვირადღირებული ლატეს სმითა და ორგანული ავოკადოს ტოსტების ჭამით ფინანსური მიზნების მიღწევის ნაცვლად. მიუხედავად ამისა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მათი თვისებები ხარჯვის კუთხით დიდად არ განსხვავდება სხვა თაობებისგან.
კვლევები აჩვენებს, რომ ხარჯვის გარდა, მილენიალები საკმაოდ მიზანდასახულები არიან, როდესაც საქმე ფინანსებს ეხება – ზოგავენ, წინდახედულები არიან სესხის აღებისას და უფრო მეტად პასუხისმგებლობიანები არიან, ვიდრე წინა თაობები.
დაზოგვა
NerdWallet-ის კვლევამ, რომელიც აანალიზებდა დაზოგვის ჩვევებს, აჩვენა, რომ თაობები მკვეთრად განსხვავებული მიდგომებით ინახავენ თანხას პენსიაზე გასვლისთვის. აღმოჩნდა, რომ მილენიალების დაზოგვის უფრო ძლიერი ჩვევები აქვთ, ვიდრე წინა თაობებს. მილენიალი მშობლები არიან საუკეთესო დამზოგავები და წლიური შემოსავლის 10%-ს ინახავენ პენსიაზე გასვლისთვის.
უნდა ითქვას ისიც, რომ მილენიალი მშობლები არ არიან ერთადერთები, რომლებიც სერიოზულად არიან განწყობილები საკუთარი ფინანსური მომავლის მიმართ. კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგადად, მილენიალების 70%-მდე ინახავს თანხას პენსიაზე გასვლისთვის, ხოლო „ამერიკის ბანკის“ 2018 წლის მონაცემებით, 16% მილენიალებისა აშშ-ში 100,000 დოლარს ან მეტს ფლობს დანაზოგის სახით.
სესხება
ფულს ყველა ასაკის ადამიანი სესხულობს, იქნება ეს სტუდენტური სესხი, იპოთეკური, სამომხმარებლო თუ ა.შ. ყველაზე დიდი განსხვავება თაობების სესხების ჩვევებში სპეციფიკური ტიპის სესხთანაა დაკავშირებული. მაგალითად, 2017 წლისთვის, სტუდენტურმა სესხმა გავლენა იქონია მილენიალების 35%-ზე, რაც თაობებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა თაობები უფრო მეტს სესხულობენ, ისინი საკრედიტო ბარათების მიმართ უარყოფითად არიან განწყობილები. მილენიალების ნახევარზე მეტი ამჯობინებს ნაღდი ფულით გადახდას, ვიდრე ბარათით და მათგან მხოლოდ მესამედი ფლობს საკრედიტო ბარათს. აღსანიშნავია, რომ Gen Z-იც (1990-იან წლებში დაბადებულები) სხვა გადახდის საშუალებებს სადებეტო ბარათებს ამჯობინებენ.
ფულის მართვა
მილენიალები ასევე მაღლა დგანან სხვა თაობებთან შედარებით, როცა საქმე ფინანსების მართვას ეხება, ისახავენ მიზნებს და მიჰყვებიან გაწერილ გეგმას.
უფრო მეტად იყენებენ მობილურ აპლიკაციებს ფულის გასაკონტროლებლად და რეგულარულად, საშუალოდ, 8.5-ჯერ სტუმრობენ ციფრულ ფინანსურ ინსტიტუციებს. სხვა თაობებში ეს რიცხვი ბევრად უფრო ნაკლებია.
მიუხედავად იმისა, თუ რომელ თაობას მიეკუთვნებით, შესაძლოა, საჭირო იყოს გადაფასება მილენიალებთან დაკავშირებული სტერეოტიპებისა და მათგან მაგალითის აღებაც კი თუ ფინანსური ჩვევების გაუმჯობესება გსურთ.