ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ ერთჯერადი ხელთათმანი ახალი კორონავირუსისგან იცავს. სწორედ ამიტომ მოქალაქეთა ნაწილი გარეთ გასვლამდე სამედიცინო ნიღაბთან ერთად ხელთათმანსაც იყენებს. საინტერესოა, ნამდვილად გვიცავს თუ არა ერთჯერადი ხელთათმანი კორონავირუსული ინფექციისგან?
საჭიროა თუ არა პანდემიის დროს გარეთ გასვლისას ხელთათმანი?
ნამდვილად არა. უფრო სწორად კი, სხვადასხვა სამედიცინო ორგანიზაცია ხელთათმნის ტარებას მხოლოდ გარკვეულ სახიფათო სიტუაციებში უწევს რეკომენდაციას:
– თუ თქვენ პაციენტებთან მუშაობთ;
– თუ თქვენ ავადმყოფ ადამიანთან ცხოვრობთ და ვალდებული ხართ მისი თეთრეული გამოცვალოთ, ჭურჭელი და სარეცხი გარეცხოთ, ნაგავი გადაყაროთ.
რატომ ასეთი შეზღუდვა?
ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს ხელთათმნის გამოყენებისთვის ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვთ. მაგალითად, ექიმს ერთ პაციენტთან მუშაობისას, სულ ცოტა, ერთი ხელთათმანი მაინც სჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა ხელთათმანი საკმაოდ ხშირად უნდა იცვალოს.
გარდა ამისა, ხელთათმნით კარის სახელურების, გამომრთველ- ჩამრთველებისა და სხვა მსგავსი საგნების შეხება რეკომენდებული არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაბინძურებული ხელის მსგავსად, ის შეიძლება საშიში ვირუსისა და ბაქტერიის გამავრცელებელი გახდეს.
თუ ხელთათმანს არასწორად მოიხმართ, მას არანაირი სარგებლობა არ მოაქვს. პირიქით, მისი მეშვეობით ადამიანი სხვადასხვა ზედაპირზე შეიძლება ბაქტერიებისა და ვირუსების ისეთივე აქტიური გამავრცელებელი გახდეს, როგორც ხელთათმნის გარეშე.
სპეციალისტები ხანდახან ხელთათმნის ტარებას იმიტომ უწევენ რეკომენდაციას, რომ ადამიანი სახეს რაც შეიძლება იშვიათად შეეხოს. თუმცა ეს რჩევა ყველასთვის არ არის ეფექტიანი. შესაბამისად, ადამიანები სახის შეხებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვირუსები და ბაქტერიები ჩვენს ლორწოვან გარსში ხელთათმანიანი ხელითაც იმავე წარმატებით მოხვდება, როგორც უხელთათმანოდ. ზოგიერთი ადამიანი ხელთათმანს იხსნის, რათა ცხვირი ან თვალი მოიქავოს და შემდეგ ისევ იკეთებს. ამ შემთხვევაში სხვა არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ ხელთათმანის შიდა ნაწილიც ბინძურდება.
უფრო მეტიც, როცა ადამიანი ხელთათმანს იხსნის, მისი ხელებიც ბინძურდება, ამიტომაც მათი სწორად და დროულად დაბანა აუცილებელია.
როგორ ვატარო ხელთათმანი სახლში სწორად, თუკი ის აუცილებლად მჭირდება?
არსებობს რამდენიმე წესი, რომელთა დაცვაც არის აუცილებელი, რათა ხელთათმანმა თავისი ფუნქცია შეასრულოს.
– სანამ ხელთათმანს გაიკეთებთ, ხელები დაიბანეთ;
– ერთჯერადი ხელთათმანი მხოლოდ ერთხელ გამოიყენეთ;
– თუ თქვენ ავადმყოფზე სახლის პირობებში ზრუნავთ, შეგიძლიათ მრავალჯერადი ხელთათმანიც გამოიყენოთ. თუმცა ის ყოველ ჯერზე საპნით უნდა გარეცხოთ, შემდეგ კი 0,1%-იანი ნატრიუმის ჰიპოქლორიტის ხსნარით გაწმინდოთ;
– ხელთათმანი სწორად მოიხსენით. აქ შეგიძლიათ ინსტრუქცია ფოტოების მეშვეობით იხილოთ.
– ხელთათმნის მოხსნის შემდეგ კი ხელი აუცილებლად დაიბანეთ.