Home დღის ამბები არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსულ კანონს“ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსულ კანონს“ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს და ევროპულ სასამართლოს მიმართავენ- ამის შესახებ არასამთავრობოებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

„ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე.

ამისათვის, ვამზადებთ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს არ მივიჩნევთ ერთადერთ გზად ჩვენი სამართლებრივი ბრძოლისათვის. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ გამოვიყენებთ ალტერნატიულ სამართლებრივ მექანიზმს. პარალელურად ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც მივმართავთ შესაბამის დროს“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.