კონკურსი ბლოგერებისთვის, „ჩემი 7 მიზეზი, რატომ მიყვარს კახეთი“ !
კახეთის სიყვარულის რვა მიზეზის დასახელება რომ ყოფილიყო შესაძლებელი შვიდის ნაცვლად, მეც კახეთის რვა მუნიციპალიტეტის პრინციპით დავიწყებდი წერას და თითო მუნიციპალიტეტში ჩემს ყველაზე საყვარელ ადგილზე მოვყვებოდი. კახეთში ახალ-ახალი ადგილების მონახულება, აქამდე უცნობ გზებზე გადახვევა ჩემი ჰობია. აქაურობა საცხოვრებლადაც კი ავირჩიე და ვემზადები, რომ საბოლოოდ დავმკვიდრდე თელავში. და მაინც, როცა კახეთის სიყვარულის კონკრეტულ შვიდ მიზეზზე დავფიქრდი, უფრო საფუძვლიანად მომიწია ჩემს ემოციურ მეხსიერებასა და განცდებში ჩაღრმავებამ. პროცესი ჩემთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და პირველი, სპონტანურად დასახელებული მიზეზების ნაწილი შემდეგ აი, ამ ჩამონათვალმა შეცვალა:
№ 1 – ძალიან პირადული ანუ ნუკრიანი
ნახევრად ქიზიყელი ვარ, ჩემი დედულეთი სოფელ ნუკრიანშია. იქ, სოფლის ერთ-ერთ უბანში (მარტაანში), დღესაც დგას ქვითკირის სახლი დიდი შუშაბანდით, სადაც ჩემი ბავშვობის დროინდელი სუნია შემორჩენილი: ძველი ავეჯის, ცოტა ნესტის და წლის განმავლობაში დაკეტილი სახლის. ზაფხულში ჩასული, კარს რომ ვაღებ, სქელკედლებიან სახლში რაღაცნაირად მშობლიური სიგრილე მხვდება. ეს სახლი იმით არის განსაკუთრებით ძვირფასი, რომ ჩემს დიდ პაპა-ბაბოს თვითონ აუშენებია. ახალგაზრდა წყვილის მიერ თავიანი ჯაფით ნაყიდი საკარმიდამო ნაკვთის შესყიდვის ძველი აქტი ახლაც გვაქვს შემონახული; მიწაზე მოგვიანებით ის სახლი ჩადგეს – დღესაც რომ გვმასპინძლობს და მოგონებებს აგვიშლის ხოლმე. საოჯახო არქივმა რამდენიმე ფოტო შემოგვინახა, სადაც დიდ ბებიასთან, ნუცა ჩერქეზიშვილთან, ერთად ეზოში ვზივარ თმაგაჩეჩილი ან ოთახში, ფართო დარაბაზე მოკალათებული გავყურებ ბაღს, რომელიც მაშინ ძალიან დიდი და დაბურული მეჩვენებოდა. საოჯახო მეხსიერებაში კი, ჩვენი წინაპრების, სოფლის, უბნის უამრავი ამბავი და ისტორიაა შემორჩენილი. ბავშვობის ადგილები, სახლები, ფერები, ხეები და სუნები ალბათ დიდ წილად განაპირობებს იმ ადგილებისადმი დამოკიდებულებას; მეც კახეთის მიმართ ჩემი განსაკუთრებული სიყვარულის მთავარი ფუნდამენტი ჩემს ნუკრიანში, მარტაანად წოდებულ უბანში მეგულება.
№ 2 – ქიზიყი
უბატონო ქიზიყი თავისებურია, ლაღი, საოცარი იუმორით, ჯიუტი და უმართავი, ხან თაფლად დაღვრილი წაგრძელებული „ოქრიიი“ და ხან მოულოდნელად ხისტი. სამაგიეროდ, ყოველთვის თვალწარმტაცი! აქ თონეში ისეთ ნაზუქებს აცხობენ, რომ ყოფნა-არყოფნის საკითხი, უმალ ყოფნის სასარგებლოდ წყდება. გაღვივებულ თონესთან მდგარი (სადაც მიცვალებულების ხსოვნისთვის საკმეველსაც ჩააკმევენ ხოლმე და იტყვიან აბა, მიუვიდესო, თითქოს მოკითხვას აბარებენ თონიდან ცისკენ მიმავალ ბოლს) ხვდები – აი, ამ ნაზუქების (ქადის გულში ხახვს ურევენ) დასაგემოვნებლად ღირდა ამ ქვეყნად მოსვლა და ქიზიყში მოხვედრა. ჰო, ქიზიყი უამრავი გემოა; გარდა გემოებისა, მისი სიყვარულის კიდევ ბევრი სხვა მიზეზი არსებობს; მაგ. მზესუმზირის თვალუწვდენელი მინდვრები, სიღნაღის გალავანი და აქედან გაშლილი სივრცე, ალაზნის ველზე ღრუბლების მოძრავი ჩრდილები, სიღნაღის სასაფლაოზე ქალაქის მიერ სამადლოდ დაკრძალული „ბედნი იოსკას“ საფლავი, ასზე მეტი წლის წინ ქვემო მაჩხაანის თეატრის გასაოცარი ისტორია და ახლა, წნორში „ცოდნის კაფეს“ მშენებლობის ამბავი; ნუკრიანის სახელოსნოები, ქედელის რანჩო, ჩერქეზას ზედაშე და ბოდბის ნაქალაქარი. თავს ვაიძულებ გავჩერდე, თორემ საყვარელი ადგილების და ამბების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება გამიგრძელდეს.
№ 3 – თუშეთი
განა ბევრჯერ ვარ ნამყოფი? სამაგიეროდ ყოველთვის მენატრება. შეიძლება ადგილი უწყვეტად გენატრებოდეს? თურმე კი. განცდა, რომ სადაც არ უნდა იყო, ყველგან სახლში ხარ, მგონი მარტო თუშეთში მაქვს. პირველად რომ დავხედე დოჭუს ზემოდან, გული მომეწურა და მას მერე დოჭუს და გომეწრის ხეობის გაგონებაზე სუნთქვა მეკვრება; პირველად მირგველას მინდორზე დასასვენებლად რომ გავჩერდით, მინდოდა ცოტა ხნით მაინც გაჩერებულიყო დრო, ასე გულაღმა ვწოლილიყავი ზაფხულის მინდორზე და ცაში სწრაფად ცვალებადი ღრუბლებისთვის მეცქირა. ხეობები, მდინარეები, ბექთქონდარა, გზადაგზა წითლად დაკუნწლული ცირცელი, სოფლები – ეს სურათები ჭრელი მძივივით მაქვს აკინძული მეხსიერების ძაფებზე. მთელი დღე სიარულის შემდეგ, საღამოს სასტუმროს აივანზე ვისხედით და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებდით. აგვისტო იყო და „კუდიანი ვარსკვლავები“ დაჰქროდნენ. თუშეთი ჩემთვის ერთი ნახვით შეყვარების ამბავია, ადგილი, სადაც სულ მინდა დაბრუნება, რომელიც მგონია, რომ სულ მელოდება; იქ თითქოს ჩემს თავს ვპოულობ.
№ 4 – ლოპოტას ხეობა და ბებერი ლაფნები
ზაფხულის ხვატში ლაფანყურისკენ მივდივარ ხოლმე. ეს ადგილები ჩემმა ნაფარეულელმა მეგობარმა მასწავლა და მას მერე ჩემს საზაფხულო შვებად იქცა. ლაფანყურისკენ მიმავალი ბებერი ლაფნებით დაბურული გზა მდინარე ლოპოტის ხეობაში მიდის. ეს ის იშვიათი კახური მდინარეა, ზაფხულშიც რომ არ შრება და გულს გვიხარებს. ერთ ადგილას, ლაფანის ხეებიან მდელოსთან, ლოპოტას ფშა უერთდება გაყინული წყლით. უერთდება და ერთად აგრძელებენ გზას ალაზნისაკენ; ჰოდა, თან მოაქვთ მთების და ტყეების, ვიწრო ხეობებისა და მიწისქვეშა დინებების სიგრილე, განახლების, სიცოცხლის, სილაღის, ბედნიერების განცდა და სიხარული – აქ რომ შეგიძლია იყო, ამ ყველაფრის ნაწილად გრძნობდე თავს და ამ მდინარეში გრილდებოდე!
№ 5 კახური სახლები
კახეთი მიყვარს კახური, აგურით ან ქვითკირით ნაშენი სახლებისა და რიყის ქვის ღობე-ყორეებისთვის; ზედ ასული წითელი ვარდებისა და სახლების წინ დაბურული თალარებისათვის; შუშაბანდებისა და ხის მოჩუქურთმებული აივნებისთვის; ამ სახლებში შემონახული ნიკელის საწოლების, „ოტომანკების“, ჭრელი ფარდაგების და თიხის ჯამ-ჭურჭელისთვის; ზამთარში თბილი და ზაფხულში შვების მომგვრელად გრილი ნახევარ-სარდაფებისა და მარნებისთვის; მარნის სურნელისთვის და ეზოებში კაკლის ჩრდილქვეშ გამართული საქეიფოებისთვის; ამ სახლებში მცხოვრები ხალხისთვის, გაზიარებული ამბებისთვის და ნამღერი სიმღერებისთვის.
№ 6 – თელავი
თელავი მარტო კახეთის კი არა, მთელი საქართველოს მარგალიტია, ამ ქვეყნის ნამდვილი მშვენება. თელავი თან გადაშლილი წიგნია, თან კი თითქოს ჯერ კიდევ შეუსწავლელი მღვიმე. თელავი ხევები, წყაროები, მიწისქვეშა გვირაბები და ამ გვირაბებივით დაფარული, ჯერ კიდევ აღმოსაჩენი ამბები და საიდუმლოებებია. ისტორიაა, ბატონის ციხე და ჩემი ყველაზე საყვარელი მეფის ქალაქია; ცივიდან მობერილი საღამოს ნიავქარია, ქართულ სასაფლაოსთან და ნადიკვარზე ცაცხვის მათრობელა სურნელი, ქედნის ღუღუნი და საღამოს ნისლებში გაწოლილი ალაზნის ველია. ძველი ქალაქში ნებისმიერი სახლის კარზე დააკაკუნეთ და იქ საოცარი ისტორიები დაგხვდებათ. ასეთი ქალაქია თელავი, თითქოს მარტივი და გასაგები, სინამდვილეში კი ნამდვილი თავსატეხი. განა შეიძლება ის არ გიყვარდეს?!
№ 7 – და ბოლოს . . .
და ბოლოს, კახეთი მიყვარს გადარჩენისთვის. წალეკვის მიუხედავად, რომ არ დანებდნენ და წელში გაიმართნენ, დინჯად და გულმოდგინედ რომ იფუსფუსეს, ვენახები გააშენეს, ტყეებში პატარ-პატარა საყდრები ააშენეს, სახლებში კი – გრილი მარნები. ქვევრები ჩაყარეს და ღვინო დააყენეს. ამ ვენახების და ღვინის გამო და ვარდისუბანში, დეკანოზურის ფერდობიდან მზის ჩასვლის გამოც მიყვარს აქაურობა; კიდევ პატარა საოჯახო მარნების თუ რთვლის დროს მოგუგუნე ღვინის ქარხნების გამოც. აღდგომას ყოველთვის კახეთში ვართ, საბუეში, ზაქარია ჯორჯაძისეულ კარმიდამოში; აქ ახლა ენისელი-ბაგრატიონის ღვინის ქარხანა და პატარა სასტუმრო მუშაობს. მინდა სულ უფრო და უფრო ვითარდებოდეს კახეთი, ძალას იკრებდეს, მეტად იმართებოდეს წელში – მრავალჟამიერ!