2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება. კერძოდ, ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792 ლარი) განისაზღვრა.
მთავრობის განმარტებით, ხელფასის აღნიშნული ოდენობა მინიმალური ზღვარია და არა ფიქსირებული. წესი შეეხება ყველა დაწესებულებას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული. გადაწყვეტილება უკვე იანვრიდან შევა ძალაში.
რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. ახალი რეგულაციით ხელფასის ზრდა შეეხება 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს.
ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვარი, მომდევნო წლებში ეტაპობრივად გაიზრდება. 2025 წლისთვის, ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში – 9 ლარი, ექთნის კი 5.6 ლარი გახდება.