წმინდა ვალენტის დღეს, 14 თებერვალს ამერიკელებმა შესაძლოა, 26 მლრდ დოლარი დახარჯონ, მაშინ როცა 2022 წელს 23,9 მლრდ დოლარი დახარჯეს. წლევანდელი მაჩვენებელი კი რეკროდული იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საცალო ვაჭრობის ფედერაცია NRF ავრცელებს.
ორგანიზაციის მიერ გამოკითხული რესპოდენტების ნახევარზე მეტი – 52% მზად არის წმინდა ვალენტინის დღე აღნიშნოს და საშუალოდ 192,80 დოლარი დახარჯოს. ეს არის მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ ტიპის აღრიცხვის წარმოების დაწყებიდან, 2004 წლიდან მოყოლებული. 2022 წელს საშუალო მაჩვენებელი იყო 175,41 დოლარი.
პარტნიორებისა და ოჯახის წევრების გარდა, წელს მომხმარებლები ასევე გეგმავენ საჩუქრები გაუკეთონ მეგობრებს, კოლეგებს, თანაკლასელებს, მასწავლებლებს და შინაურ ცხოველებსაც კი – აღნიშნავს NRF.
ყველაზე მეტის დახარჯვას აპირებენ 35-44 წლის რესპოდენტები, საშუალოდ ამ ასაკობრივ კატეგორიაში დანახარჯები აღწევს 335,71 დოლარს.
საჩუქრების შეძენის ყველაზე პოპულარულ ადგილად რჩება ონლაინ შოპინგი – 35%, ამის შემდეგ არის სუპერმარკეტები – 34%, დისქაუნტერები 31% და სპეციალიზირებული მაღაზიები – 18%.
ყველაზე პოპულარულ საჩუქრად კი სახელდება ტკბილეულობა – 57%, მისალოცი ბარათები – 40% და ყვავილები – 37%.
NRF-ის გამოკითხვა 3-11 იანვრის პერიოდში ჩატარდა და გამოიკითხა 7616 რესპოდენტი.