2022 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 9.8% შეადგინა, ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასები 0.3%-ით შემცირდა. ეროვნული ბანკის შეფასებით, საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და ბოლო თვეებში შემცირების ტრენდი აქვს.
როგორც ეროვნული ბანკის იანვრის მიმოხილვაშია აღნიშნული, საერთაშორისო ბაზრებზე საქონლის ფასები კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, თუმცა უკანასკნელ თვეებში გარკვეული სტაბილიზაცია და კლების ტენდენცია შეინიშნება, რამაც ლარის გამყარებასთან და გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკასთან ერთად საქართველოში ინფლაციის შემცირებას ხელი უნდა შეუწყოს.
„დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე შესამჩნევი ბენზინის 6%-ით გაიაფება იყო, რამაც თვის ინფლაცია 0.2 პპ-ით შეამცირა. სიგარეტის 2%-ით გაძვირებამ კი ინფლაცია 0.1 პპ-ით გაზარდა.
სურსათზე ფასების ზრდამ დეკემბრის წლიურ ინფლაციაში 4.8 პპ-იანი წვლილი შეიტანა. აქედან გამოსარჩევი პურზე, ყველზე და კარტოფილზე გაზრდილი ფასებია. ამ პროდუქტების წვლილი ჯამში 2.0 პპ-ს შეადგენდა.
ბოლო თვეებში საწვავი თანდათან იაფდება. პარალელურად საწვავის წვლილიც ინფლაციაში მცირდება. დეკემბერში ეს მაჩვენებელი 0.1 პპ-მდე შემცირდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მთლიან ინფლაციასთან შედარებით დაბალი იყო და 6.8 %-ს შეადგენდა.
ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტირებული ინფლაციის კლება განაპირობებს. ბოლო თვეებში იმპორტირებულ ინფლაციას კლების ტენდენცია აქვს, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების გარკვეულ სტაბილიზაციასა და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან ერთად ლარის კურსის გამყარება უწყობს ხელს. დეკემბერში იმპორტირებული ინფლაცია 5.5%-მდე შემცირდა.
ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია მაღალია და 13.8%-ს შეადგენს. მაღალი ადგილობრივი ინფლაცია ერთი მხრივ, სურსათის (პური, ყველი, ხორცის) ფასების ზრდას, ხოლო მეორე მხრივ, მომსახურების გაძვირებას უკავშირდება, რომელთაგანაც მნიშვნელოვანია ბინის ქირის (წვლილი ინფლაციაში 0.7 პპ) და სანოტარო გადასახდელის გაძვირება (0.3 პპ),“- ნათქვამია მიმოხილვაში.