Home დღის ამბები აგროდაზღვევის პროგრამა 3-წლიანი გახდა

აგროდაზღვევის პროგრამა 3-წლიანი გახდა

ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე, ფერმერებზე“ თანახმად, მრავალწლოვანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, დააზღვიონ საკუთარი მოსავალი სამი კალენდარული წლის განმავლობაში.

ამასთან, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა კვლავ პოლისის ღირებულების 70%-ით, ხოლო ვაზზე – 50%-ით განისაზღვრა, თუმცა სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.

2020 წელს პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტი შეადგენს 9 მილიონ ლარს, ხოლო მიმდინარე წელს იგეგმება, 15,000-ზე მეტი სადაზღვევო პოლისი გაცემა და 12,000 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაზღვევა.

ვინ შეიძლება იყოს ბენეფიციარი?

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან სარგებლობს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთით. დამზღვევი ან მიწის მესაკუთრე ასევე რეგისტრირებული უნდა იყოს ფერმერთა/ფერმათა რეესტრში. ფერმერს შეუძლია დააზღვიოს როგორც ერთწლოვანი ისე მრავალწლოვანი კულტურა.

2020 წლის აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა ფერმერებს შეუძლიათ 2020 წლის 15 აპრილიდან. აგროდაზღვევის პოლისის შესაძენად, ფერმერმა უნდა მიმართოს პროგრამაში ჩართულ 7 სადაზღვევო კომპანიას: ალდაგი, ჯი პი აი ჰოლდინგი, ევროინს ჯორჯია, არდი, ალფა, თიბისი დაზღვევა, ნიუ ვიჟენ დაზღვევა.

როგორ უნდა დააზღვიონ ფერმერებმა საკუთარი ქონება?

ფერმერი აფორმებს ყველა საჭირო დოკუმენტს სადაზღვევო კომპანიასთან, იხდის სადაზღვევო პრემიის ღირებულების საკუთარ წილს, მოცდის პერიოდის (4 დღე) გასვლის შემდეგ პოლისი ძალაშია.